საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კაკულიასთან ერთად განაგრძობს ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათი პრობლემების მოსმენას და მოგვარების გზების დასახვას. ამჯერად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბერდიანსკის #30, დანელიას #72, პუშკინის #69 და  გურიის #183, #191, #193 ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და  ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომელიც ამ მისამართებზე იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა მათ, რომ ამ კორპუსების პრობლემების გათვალისწინებით, შეკეთდება სახურავები, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ლიფტებს და მოწესრიგდება შიდა საკანალიზაციო სისტემა. დანელიას ქუჩაზე (შევჩენკოს ქუჩიდან ზღვის სანაპირომდე) შესრულდება გზის მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები. ალექსანდრე თოფურია შეკრებილ მოსახლეობას დასაქმებაზეც ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სულ მალე, ორი სამკერვალო ფაბრიკა შევა ექსპლუატაციაში. ამჟამად, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, დაწყებულია ფაბრიკაში ქალბატონების მიღება და დაეხმარება მათ დასაქმებაში. მოსახლეობა დიდი მადლიერებით შეხვდა ამ ინიციატივას და მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს მათი მტკივნეული საკითხის მოგვარებასა და თანადგომისათვის. 
ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ  მიმართა მოსახლეობას, რომ ის აქტიურად გააგრძელებს მათთან შეხვედრებს და მზად არის მოისმინოს თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში.