დღეს, გამთენიისას ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია მივიდა. არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაეცნო. ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია. მოვაჭრეების ნაწილმა შეძლო საქონლის მცირე ნაწილის გადარჩენა, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გადარჩენილი საქონელი სარეალიზაციოდ არ გამოდგება.

ამჟამად ხანძარი სრულიად ლოკალიზებულია. უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. ადგილზე 9 სახანძრო მანქანა და ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.