3 დეკემბერი მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულ ფოლკლორის ცენტრში ა(ა)იპ კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის" შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვების მონაწილეობით ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქში არსებული სამუსიკო სტუდიების აღსაზრდელებთან ერთად ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა ბენეფიციარებისა და დღის ცენტრის საჭიროებებს მოხმარდება.

,,ჩემო ძვირფასებო, საოცარი ემოციების მიღების დღეა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და უპირველესად ჯანმრთელობას გისურვებთ. მინდა ვისურვო, რომ ყოველი დღე იყოს თქვენზე ზრუნვის დღე -“აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის, სახელოვნებო ცენტრის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.