დღეს, 9 მაისს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. ვეტერანთა საბჭოს წევრებთან, სამამულო ომში მონაწილეებთან და ქალაქის საზოგადოებასთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ეს დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას, გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ომში მონაწილე ქართველთა გმირობაზე ისაუბრა და დღეგრძელობა უსურვა მათ. ასევე, ომის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ, მათთვის გამოგზავნილი მისალოცი ბარათი გადასცა. „-მალთაყვის დიდების მემორიალი სწორედ ის ადგილია, სადაც მადლიერმა ხალხმა სიმბოლური საბოლოო განსასვენებელი დაუმკვიდრა ომში დაღუპულებს, რათა მომავალმა თაობებმა იხილოს ვინ იყო ადამიანები, ვინც თავი გასწირა და სისხლი დაღვარა სამშობლოსთვის. დღეს თითო-ოროლა ომის ვეტერანი დარჩა, იმ საშინელი ისტორიის ცოცხალ მემატიანედ. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მოვესიყვარულო მათ. " - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. 
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე სამამულო ომის მონაწილეს შინ ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვეტერანებს მთავრობა 600 ლარს ჩაურიცხავს, ხოლო ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 ლარი და მათთან გათანაბრებულ პირებს 250 ლარი გადაეცემათ. დღესვე ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთელი ომის ვეტერანების გრიგოლ დარჯანიასა და ალექსანდრე ვაშალომიძის საფლავები მოინახულეს. 
ზეიმის დასასრულს ვეტერანებისათვის სადილი გაიმართა.