ფოთში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ხუციშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია დაესწრნენ. მინისტრმა და გუბერნატორმა, დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ნაბადას ტერიტორიაზე, ახლადაშენებული ობიექტი დათვალიერეს და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ობიექტის მიმდებარედ ფოტო გამოფენა მოეწყო, სადაც ასახული იყო საქართველოს რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. პარალელურად, გაიმართა ფოთის წყალმომარაგების სისტემის პრეზენტაცია, ასევე მობილური ლაბორატორიის გამოყენებით წყლის სინჯების აღება და მართვის ელექტრო სისტემის წარდგენა. პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს. დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და უკვე სრულად უზრუნველყოფს ფოთის 24 საათიან წყალმომარაგებას. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.